საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის ახალგაზრდა წევრები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულების დოქტორანტები, მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც ტარდება ბათუმში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
საერთაშორისო სკოლის მონაწილეები გადიან სპეციალიზებულ თეორიულ და პრაქტიკულ (ლაბორატორიულ) სწავლებას ბიოსამედიცინო მიმართულებით. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩაატარონ ლაბორატორიული სამუშაოები შემდეგ სფეროებში: მიკრობიოლოგია, იმუნოქიმია, ბიოქიმია, ელექტროფორეზი და ქრომატოგრაფია. პროგრამა განკუთვნილია ბიოტექნოლოგიის, მედიცინის, ფარმაციის, ვეტერინარიის, სოფლის მეურნეობის, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის, კვების ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის სპეციალობის სტუდენტებისთვის.